ცენტრის ხედვა  

დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრი, რომელიც განთავსებული იქნება სტამბაში,  ევროპისა და ევრაზიის რეგიონის თავისუფლებისთვის მებრძოლთა, ადამიანის უფლებადამცველთა და დემოკრატიულ ღირებულებათა ერთგულ სამოქალაქო აქტივისტთა ფართო სპექტრის ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ფუნდამენტური ღირებულებების გარშემო გაერთიანებას წარმოადგენს. ამ უნივერსალურმა ღირებულებებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს კონტინენტის უმეტეს ნაწილში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში. ცენტრი საკუთარ თავს ადამიანის უფლებების დაცვის, თავისუფლებისა და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობისა და დაცვის კოორდინაციის ცენტრად ხედავს. ცენტრის საბჭოს პროფესორი ფუკუიამა უხელმძღვანელებს.  

მისია და აქტივობები

ცენტრის ამოცანა ავტორიტარიზმის, კორუფციისა და კლეპტოკრატიის საფრთხეებისადმი წინააღმდეგობის გაძლიერებაა. დემოკრატიისთვის მებრძოლთათვის საზოგადოებრივი სივრცის შექმნა მათ მდგრადი დემოკრატიული განვითარების უზრუნველსაყოფად საჭირო პრაქტიკული ზომების შემუშავებაში დაეხმარება, გამაგრდება დემოკრატიისთვის ბრძოლის ფრონტი. ცენტრი შეიმუშავებს კონკრეტული ქვეყნის  მდგომარეობიდან ან სპეციფიური სიტუაციიდან გამომდინარე განსაკუთრებულ მიდგომებს, ამავე დროს დაეყრდნობა დემოკრატიული საზოგადოებებისთვის მახასიათებლებს. ცენტრის კიდევ ერთი მიზანი დემოკრატიული წინსვლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საზოგადოებრივი ცვლილებების ინიციატორთა ახალი თაობის ჩამოყალიბებაა, მათი ერთმანეთთან დაკავშირება, ქსელის შექმნა და განვითარებაა.

ცენტრის მისია ინტელექტუალური სივრცის შექმნის მეშვეობით შესრულდება. ეს პლატფორმა  გააერთიანებს სხვადასხვა ქვეყნისა პროფესიონალებსა და აქტივისტებს, რომლებიც კონცენტრირებულნი იქნებიან კვლევებზე, დებატებზე, იდეების გაცვლა-გამოცვლაზე, პროფესიული სანაცნობო წრეების შექმნაზე, განათლებისა და ცნობიერების ამაღლებაზე. სხვადასხვა დარგის პროფესიონალები - საჯარო მოხელეები, ბიზნესის სხვადასხვა დარგის, სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც მზად არიან ცვლილებების ინიციატორები გახდნენ, თავს მოიყრიან დემოკრატიული განვითარების სხვადასხვა შემადგენელი ნაწილის - არჩევნების, კანონის უზენაესობის, დემოკრატიული მმართველობის და საზოგადოებრივი სარგებლის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების, თანასწორობის, თავისუფალი მედიის, სამოქალაქო მობილიზაციის, კორუფციასთან ბრძოლის -  გაუმჯობესებისათვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების დახვეწის, ერთმანეთთან გაზიარებისა და დონის ამაღლებისათვის.    

ცენტრი გახდება იდეებისა და ადამიანების შეხვედრის, აქტიური სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობის როგორც ფიზიკური, ისე ვირტუალური სივრცე. შეიქმნება -როგორც ინდივიდუალური, ისე კოლექტიური მოქმედებისათვის საჭირო სამოქმედო გეგმები, გაადვილდება აქტივისტთა შორის პარტნიორთა და თანამოაზრეთა ძიების პროცესი. ცენტრში ხელი შეეწყობა ახალი იდეებისა და მიდგომების ძებნას, წარსული გამოცდილებისა და არსებული პრაქტიკის გაანალიზებასა და შესწავლას.

ცენტრი აგრეთვე გეგმავს პარტნიორობას დამყარებას ისეთ ცნობილ ორგანიზაციებთან და ინსტიტუციებთან, როგორიცაა სტენფორდის უნივერსიტეტის CDDRL/LAD, კლეპტოკრატიის ინიციატივა (Kleptocracy Initiative), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი (National Endowment for Democracy), თავისუფლების სახლი (Freedom House), მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის  (McCain Institute for International Leadership), ატლანტიკური საბჭო (Atlantic Council) და სხვადასხვა ფონდები გერმანიიდან, შვედეთიდან და გაერთიანებული სამეფოდან. მათი პარტნიორობისა და მხარდაჭერის მეშვეობით ცენტრი ჩამოყალიბდება ნამდვილად საერთაშორისო სივრცედ დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების წინწასაწევად.  

რატომ საქართველო?

  • 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების, ეუთო-ს, ევროპის საბჭოს, ნატო-სა და ევროკავშირის ინტეგრაციის შესაძლებლობა მიეცა. საქართველოში მტკიცედ სწამთ, რომ მსგავს ორგანიზაციათა წევრობა (საქართველო ეუთო-სა და ევროპის საბჭოს წევრია) ამაგრებს მისი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის საძირკველს, ქვეყანას საკუთარი პოლიტიკური ორიენტაციისა და მომავლის დამოუკიდებლად გადაწყვეტის საშუალებას ძლევს.
  • ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში საქართველომ სიღრმისეული ცვლილებები განახორციელა საჯარო და დემოკრატიული სექტორებში, მნიშვნელოვნად დაეცა კორუფციის დონე. საქართველოს მნიშვნელობამ მის ზომებს გადააჭარბა, ის იქცა ცვლილებათა შთაგონების წყაროდ რეგიონში, მაგალითად ქვეყნისა, რომელშიც პოზიტიურ ცვლილებებს რუსეთის ოკუპაციის მსგავსმა მასშტაბურმა დაბრკოლებებმაც ვერ შეუშალა ხელი.

 

  • სტრატეგიულმა მდებარეობამ, ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე მიღწეულმა წარმატებამ და განვითარების დადებითმა დინამიკამ საქართველო ევროპული და ამერიკული ინტერესებისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყნად აქცია. საქართველოს წარმატება მისაბაძი მაგალითი იქნება როგორც უშუალო სამეზობლოში, ისე კავკასიის რეგიონს გარეთ მდებარე ქვეყნებისთვის.

 

  • საქართველოს განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი სამოქალაქო საზოგადოებამ შეასრულა. საქართველოს მოსახლეობის ძლიერი პროდასავლური განწყობა ცხადყოფს რომ ქართულ საზოგადოებას კარგად ესმის და სათანადოდ აფასებს დასავლეთთან ღირებულებითი და მდგრადი პარტნიორობის მნიშვნელობას.

 

  • საქართველოში საგრძნობლად განვითარდა ადამიანური შესაძლებლობები, უნარ-ჩვევები. განვითარებასთან დაკავშირებული პროცესების სპეციფიური ცოდნისა და გამოცდილების დაგროვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტრანსფორმაციული პროცესების როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე წარმართვისთის.

 

  • საქართველო განსაკუთრებულად სტუმართმოყვარე ქვეყანაა, მეგობრული ხალხით, რომლებიც მზად არიან როგორც საკუთარი თავის, ისე სხვათა წინსვლასა და განვითარებაზე იზრუნონ.

 

სასტუმრო სტამბა-ს შესახებ

აჭარა ჯგუფის ყველა სხვა პროექტის მსგავსად, სასტუმრო სტამბა გამოირჩევა ისტორიით, ადგილმდებარეობით და განსაკუთრებული ხასიათით. საბჭოთა ეპოქის გამომცემლობის შენობა, რომელიც მეოცე საუკუნის თბილისის კულტურული ღირშესანიშნაობაა, დღეს უმაღლესი დონის სასტუმროს სახით მასპინძლობს უცხოელ და ადგილობრივ სტუმრებს.

სასტუმრო ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) პარტნიორობით მხარს უჭერს სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) „ლიდერთა განვითარების აკადემიას" საქართველოში ამ აკადემიის დაარსების დღიდან. დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრი ერთობლივი პროექტია და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს მაღალი დონის საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების, საჯარო მოხელეების და ბიზნესის წარმომადგენლების მიერ პოლიტიკის შესახებ დებატებისა და დისკუსიების, საჯარო ლექციების და ახალი, კრეატიული ბიზნეს კონცეფციების პრეზენტაციების მოწყობას ამ ახალ სივრცეში.

 

 დემოკრატიული ცენტრი ცხრა განსხვავებულ, თუმცა ერთამენთთან დაკავშირებულ სფეროში იმოქმედებს:

(1) მრავალფეროვანი თემატიკის საერთაშორიო კონფერენციების, სახელოსნოების (ვორკშოპების) და სემინარების გამართვა: ცენტრი ითანამშრომლებს და თავს მოუყრის სხვადასხვა დარგის პროფესიონალებსა და საერთაშორისო ექსპერტებს, დემოკრატიის წინაშე არსებული უახლესი საფრთხეების, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესაძლებლობების, წარმატებული პრაქტიკული მაგალითების, ადგილობრივი პრობლემატიკის და დემოკრატიული განვითარების განმტკიცებისათის საჭირო პოლიტიკის განსახილველად.  

(2) მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი: ცენტრის ერთ-ერთი პრიორიტეტი მოდერირებული პოლიტიკური დიალოგების რეგულარულად გამართვა იქნება. ამ საქმიანობაში ჩაერთვებიან სტენფორდის LAD-ის აკადემიის კურსდამთავრებულები, ასევე პოლიტიკის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პროფესიონალები. ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროექტებსა და მოვლენებში სხვადასხვა პროფესიული პროფილის მქონე მონაწილეები ჩაერთვებიან; სახელმწიფო სტრუქტურებიდან, ბიზნესის სექტორიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, სამოქალაქო აქტივიზმიდან და აკადემიური წრეებიდან.

 (3) საფუძვლიანი კვლევები და პრობლემათა გადაწყვეტის შემუშავება: დემოკრატიული ცენტრი საერთო ინტერესების მქონე მკვლევარების, პრაქტიკოსებისა და სტუდენტების შეხვედრის ადგილად ჩამოყალიბდება. საზოგადოების წინაშე ყველაზე მწვავედ მდგარი პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ საფუძვლიანი კვლევები, მათი ანალიზი, რეგულარული დისკუსიები და იდეების გაცვლა-გამოცვლა მათ ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავების საშუალებას მისცემს. სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ჩაერთვებიან შედარებით კვლევებსა და ანალიზში, რაც მათი მეცნიერული ნაშრომების ადგილობრივად და საერთაშორისო გამოცემის საშუალებას მისცემს, აამაღლებს მათ აკადემიურ ხილვადობას.   

(4) საგამომცემლო საქმიანობა: ცენტრის ჩაერთვება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ეკონომიკური განვითარების, ადამიანის უფლებების შესახებ წიგნების, ჟურნალების, სტატიების და სასწავლო მასალების თარგმნასა და გამოცემაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადგილობრივ ენებზე თარგმნას და ცალკეულ ქვეყნებში ავტორიტარული რეჟიმების მიერ აკრძალულ გამოცემებს.

გრძელვადიან პერსპექტივაში, ცენტრის  მიზანი დემოკრატიზაციისა და  პოლიტიკის რეცენზირებული სამეცნიერო ჟურნალის გამოცემაა. გარდა სტატიებისა ჟურნალში გამოქვეყნდება პრაქტიკული შემთხვევების კვლევები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის ამა თუ იმ სექტორში არსებული მდგომარეობის შესახებ ცოდნის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ჟურნალი გამოქვეყნდება ელექტრონულ ფორმატში და ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი იქნება უფასოდ.

(5) LAD-ის  (სტენფორდის ლიდერთა განვითარების აკადემიის) კურსდამთავრებულთა მოქმედების კოორდინაცია: ცენტრი რეგიონში მცხოვრებ 100 კურსდამთავრებულთან ითანამშრომლებს: (ა) მათი ინდივიდუალური და საერთო პროექტების მხარდაჭერით; (ბ) მათ შორის ჯგუფური აქტივობების ხელშეწყობით; (გ) უწყვეტი საგანმანათლებლო ხელშეწყობით. განსაკუთრებით წახალისდება CDDRL-ის პროგრამების მიზნებთან შესაბამისობაში მყოფი საერთო რეგიონული პროექტების შემუშავება. ცენტრის მიერ კურსდამთავრებულთა კოორდინაციის ფუნქციებში შევა მათთვის თანხების მოზიდვაში  ხელშეწყობა და მათი მიერ ორგანიზებული მოვლენების მასპინძლობა. 

(6) ლაბორატორია და სამუშაო სივრცე: ცენტრი ადგილს დაუთმობს ბიბლიოთეკას რომელიც საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა სფეროს შესახებ არსებულ წიგნებსა და გამოცემებს მოუყრის თავს. ცენტრში იმუშავებს ელეტრონულ სამეცნიერო ჟურნალებზე წვდომის მქონე მცირე კომპიუტერული ლაბორატორია, რომელიც მკვლევარებს მაღალი ხარისხის კვლევებისა და პოლიტიკური ანალიზის ჩატარების საშუალებას მისცემს. სამუშაო სივრცე დაეთმობათ LAD-ის კურსდამთავრებულებს, ასევე იმ დაინტერესებულ მკვლევარებსა და პრაქტიკოსებს, რომლებიც დემოკრატიული ცენტრის მიზნებს იზიარებენ.

(7) წიგნის კლუბი: სტუდენტთა და პროფესიონალთა ჩართულობით ცენტრში გაიმართება წიგნის პრეზენტაციები და სადისკუსიო კლუბების შეკრებები. გაიმართება მსჯელობა უახლეს გამოცემებზე.     

(8) საერთაშორისო ექსპერტული კონსულტაციები: ცენტრის მენეჯმენტი შეიმუშავებს საერთაშორისო ექსპერტთა ნუსხას, რომლებიც მოთხოვნილებისამებრ იმუშავებენ ახალ პროექტებზე, მისცემს მათ ადგილობრივ და საერთაშორისო მედიასთან კომუნიკაციის საშუალებას.

(9) საგანმანათლებლო სასწავლო გეგმის (კურიკულუმის) შემუშავება და განვრცობა სხვადასხვა ქვეყნის სექტორული მდგომარეობის ჩათვლით: ცენტრი ითანამშრომლებს სტუდენტებთან და ახალგაზრდა პროფესიონალებთან მათი სამეცნიერო კვლევის და დარგობრივი ანალიზის ცოდნისა და უნარ-ჩვევების დახვეწის კუთხით, სამოქალაქო აქტივისტებს დაეხმარება მათი მიდგომების მკაფიო მეცნიერულ არგუმენტაციაზე დაფუძნებაში. CDDRL/LAD-ის კურსდამთავრებულები და სხვა პროფესიონალები მიიღებენ შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ სპეციფიური სასწავლო პროგრამების შემუშავებასა და მიწოდებაში, სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის განკუთვნილი ცალკეული ლექციების ჩატარებაში. მონაწილეებს საშუალება ექნებათ წარმოადგინონ მათი ნაშრომები და ჩაერთონ შესაბამის დისკუსიასა და დებატებში.

მონაწილეთა შერჩევა ფუკუიამას დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრის ახალგაზრდული კლუბის წევრობისთვის იხილეთ აქ